Friday, December 17, 2010

უკაცრიელ კუნძულზე
ეს სად  მოვხვდი?
აქ როგორ აღმოვჩნდი?
ზღვის სანაპიროა. ბინდდება. ზღვა ღელავს. ნაპირთან ტყეა და იქიდან სიბნელე გამოდის. მარტო ვარ. ჩემს ირგვლივ არავინაა: არც დედა, არც მამა. მაგათ რაღა დაემართათ? მარტო როგორ დამტოვეს?
შემეშინდა და ვყვირივარ:
-         დედააააა...
-         მამააააააა...
-         დედაააააა...
ხმა არსაიდან ისმის. დავიწყე სირბილი. სად გავრბივარ არც კი ვიცი. გავრბივარ და ვყვირი. ხმას არავინ მცემს. უცებ, შორიდან ჩემი ძმის - ლუკას ხმა მესმის.
-         თემოოოო, აქ ხარ!
გამიხარდა და ლუკასკენ გავიქეცი. ლუკაც აქაა. ამ ზამთარში მხოლოდ მაისურის ამარა აღმოვჩნდით მე და ლუკა. გვცივა და გვაკანკალებს, მაგრამ მე ნარბენი რომ ვარ ცოტა შევხურდი, თუმცა კანკალით მაინც ვკანკალებ - შიშისაგან.
-         ეს რა დაგვემართა? სადა ვართ?
-         ეხლა ამის დრო არ არის, მეუბნება ლუკა, ღამდება და სახლი არსად გვაქვს. ან ვინმე ვიპოვოთ, ან თავშესაფარი ვეძებოთ.
დავიწყეთ ძებნა. თანდათან ტყესთან მიახლოებაც გავბედეთ. სანაპირო და ტყე უკაცრიელია. ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ ხეზე ავმძვრალიყავით და სახლი მოგვეწყო. ამით ველურებსაც დავაღწევდით თავს და ნადირიც ვერას დაგვაკლებდა. ერთ დიდ მუხაზე, ძალიან დიდი ტოტები რომ ქონდა, ჩვენი სახლი ავაშენეთ. მეორე დღეს მზემ გამოანათა და გაგვათბო. შიმშილი ვიგძენით ჩამოვძვერით ხიდან და საჭმლის ძებნა დავიწყეთ. უცებ ველური ტახის პატარა გოჭი გამოძვრა საიდანღაც. ლუკამ და მე დაჭერა ვცადეთ, მაგრამ ვერ დავიჭირეთ. გადავწყვიტეთ სოკო შეგვეგროვებინა. დედამ სოკოების გამოცნობა გვასწავლა, თუმცა გაგვაფრთხილა - საშიშია, შხამიანი სოკო ძალიან გავს საჭმელად ვარგისს და ფრთხილად უნდა იყოთო. ტყეში ბევრი წერეწო და ფშუკუნა იყო.
წერეწო (წეროსწვივა)
გიგანტური ფშუკუნა


გაგვახსენდა დედას ნათქვამი: საკვებად ვარგისი სოკოებიდან წერეწო ყველაზე მაღალიაო, გული თეთრი და სუნი სოკოსი აქვსო. საჭმელად მარტო ქუდი გამოდგებაო.
ფშუკუნა ადვილად ვიცანით. ეს სოკო თეთრ ქვებსა გავს. კაცს, უცებ რომ შეგხვდეს გვერდს აუვლი. საოცარი ისაა, რომ სოკო 14 კგ-მდე იწონის. მრგვალია. ზედაპირი სადაა, თეთრი, შემდეგ მურა ხდება და ზედა ნაწილში იგლიჯება. აქვს იოდის სუნი და სასიამოვნო გემო. დედას ძალიან უყვარდა ფშუკუნა და ამბობდა: ჩემი ბებია (ჟენო ბაბო) ხმარობდა თირკმელების დაავადებისა და კიბოს საწინააღმდეგოდაცო.
სოკოები ბლომად მოვიმარაგეთ, მაგრამ ცეცხლის დანთება გაგვიძნელდა. მე ყოველთვის დამაქვს მამას ნაჩუქარი გამადიდებელი ლუპა. ის ეხლაც თან აღმომაჩნდა. მაისურის ჯიბეში მდებია :). გაგვიხარდა. ლუკამ ლუპა მზეს მიუშვირა და წინასწარ მოროვებულ ხმელ ფოთლებზე ცეცხლის ალი ავარდა. შევწვით სოკოები და გამოვისიკნეთ. შებინდებამდე კუნძულს ვათვალიერებდით. ძალიან ლამაზი კუნძული იყო, მაგრამ ეტყობოდა ველური ნადირებით სავსე. 
საღამოს მუხის სახლს მივაშურეთ, მაგრამ იქ მგლების ხროვა დაგვხვდა. შიშისგან შეძრულებმა მოვრთეთ ყვირილი. და უცებ... გამეღვიძა. დედა მეფერებოდა:
-         სად არის აქ მგელი შე სულელოო. მეც ჩავეხუტე დედიკოს და გათენებამდე თვალი აღარ მომიხუჭავს.


P.S.
მე ის გამიკვირდა ძილღვიძილში ლუკაც რომ იძახდა „მგელი, მგელიო...“, თუმცა ეგეც იქ არ იყო...

No comments:

Post a Comment