ლურჯი ვეშაპი - ყველაზე დიდი მარტოსული
მარტოსულის სევდიანი თვალი |
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: ვეშაპისნაირნი
ქვერიგი: უკბილო ვეშაპები
ოჯახი: ზოლიანი ვეშაპისებრნი
სახეობა: ლურჯი ვეშაპი
ლათინური სახელი: Balaenoptera musculus
ძუძუმწოვარი ცხოველი ზოლიან ვეშაპისებრთა ოჯახისა. ტანად ყველაზე დიდი ცხოველია. მისი სხეულის სიგრძე: 33 მ, მასა: 150 ტ აღემატება. აქვს პატარა ზურგის ფარფლი, ზედა ყბაზე — 350-800 წყვილი რქოვანი შავი ფირფიტა. ლურჯი ვეშაპის არეალი ძალზე ფართოა, თუმცა თითქმის განადგურებულია. გვხვდება ერთეულებად, იშვიათად წყვილად ან 3 ერთად. იკვებება კიბოსნაირებით (თევზს არ ჭამს). ყოველ 2-3 წელიწადში დედალი შობს 1 ნაშიერს, რომლის სიგრძეა 6-8 მ, მასა 2-3 ტ. ნაშიერი 7-8 თვე რძით იკვებება (ვეშაპის რძე 35-60%-მდე ცხიმს შეიცავს). მაკეობა 11 თვემდე გრძელდება. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 4-5 წლისა. ერთი ლურჯი ვეშაპი საშუალოდ იძლევა 15-20 ტ ცხიმს და 35-40 ტ ხორცს. 1966 წლიდან ლურჯ ვეშაპზე ნადირობა აკრძალულია.
ლურჯი ვეშაპი: ამ ქვეყნად ყველაზე დიდი მარტოსულია. დაახლოებით 20 წლის წინ ოკეანეებში 300 ათასი ლურჯი ვეშაპი დაცურავდა, დღესდღეობით კი მისი თითქმის 3%–ღა შემორჩა.
მცნიერები ვარაუდობენ, რომ იგი ისეთივე ჭკვიანია, როგორც დელფინი (ერთ–ერთი ყველაზე ჭკვიანი არსება დედამიწაზე). აქამდე დაფიქსირებული ყველაზე დიდი ზომის ლურჯი ვეშაპი იყო 33 მეტრის სიგრძისა და, დაახლოებით, 200 ტონას იწონიდა. ამ გიგანტის გული 600 კილოგრამს აღწევს, ხოლო აორტას დიამეტრი 23 სანტიმეტრია. მდედრები, ჩვეულებისამებრ, მამრებზე დიდები არიან. არცაა გასაკვირი: აბა, სად უნდა დაიტიო 2700 კილოგრამიანი ვეშაპუნა? ახალშობილი დღეში 400 ლიტრ რძეს სვამს, რომელიც ძროხისაზე 6000–ჯერ მსუყეა. ყოველივე ეს კი საშუალებას აძლევს პატარას, დღე–ღამეში 90 კილოგრამით მოიმატოს.
ამ ცხოველებს შეუძლიათ 50 კმ/სთ–ის სიჩქარით გადაადგილება, ჩვეულებისამებრ კი 20 კმ/სთ–ით მოძრაობენ. ზრდასრული ვეშაპი, ამოსუნთქვისას, ორთქლის ნაკადს ზედა ყბასთან ახლოს განთავსებული ორად გატიხრული სასუნთქი ხვრელიდან 9–12 მეტრის სიმაღლეზე აფრქვევს. ამაში ხელს 5000 ლიტრის მოცულობის ფილტვები უწყობს.
ასეთი დიდი გაბარიტების მქონე არსება კი უმცირესი ზღვის ცხოველებით იკვებება. მას არ შეუძლია ჩვეულებრივ გასაბერ საზღვაო ბურთზე დიდი დიამეტრის მქონე საგნის გადაყლაპვა. ამასთან ერთდ, ლურჯი ვეშაპი მიეკუთვნება ულვაშიან ვეშაპთა რიგს, რომლებიც საკვებს ე.წ. ულვაშებით იჭერენ. ეს ერთგვარი ძვლოვანი ფირფიტებია, რომლებიც ვეშაპთა ზედა ყბაზე კბილის რიგივითაა განთავსებული. როდესაც ვეშაპი პირს აღებს, მასში, საკვებთან ერთად, უამრავი რაოდენობის წყალიც ხვდება. ამ დროს ვეშაპი პირს კეტავს და, 2,7 ტონიანი ენის დახმარებით, წყალს პირიდან სწორედ ულვაშების საშუალებით გამოდევნის, რომლებიც მესერივით ეღობებიან და ხელს უშლიან პირში მოხვედრილ ცხოველებს, გაჰყვნენ გამდინარე წყალს.
თავიანთი ზომის, სიჩქარისა და ძალიდან გამომდინარე, ლურჯ ვეშაპებს ბუნებრივი მტაცებლები არ ჰყავთ. თუმცა, წყლის ზედაპირზე ჰაერის ჩასასუნთქად ამოსულები, ხშირად ემსხვერპლებიან დიდ სატვირთო გემებს ან ტანკერებს, რომლებიც ცხოველებს ეჯახებიან და სასიკვდილო ჭრილობებს აყენებენ. სხვა შემთხვევაში ისინი მეთევზეთა ბადეებში ეხლართებიან. ოკეანეს მრავალჯერ გამოურიყავს მკვდარი ლურჯი ვეშაპი. ამას ემატება აქტიური ბრაკონიერობა და გლობალური დათბობის საშიშროება. თუკი პოლარული ყინულის დნობისას ოკეანეში კრიტიკული რაოდენობის მტკნარი წყალი ჩაიღვრება, ეს მოშლის თბილი და ცივი დინებების ციკლს, რომლებზედაც ოკეანის ცოცხალი ორგანიზმების გადაადგილებაა დამოკიდებული. აღარაფერს ვამბობ მუდამ მოგზაურ ვეშაპთა ბედზე.
ლურჯი ვეშაპები “მღერიან”. ისინი, დელფინების მსგავსად, გამოსცემენ სხვადასხვა სიხშირის ბგერებს, რომელთა ნაწილის აღქმაც ადამიანის სასმენ აპარატს არ შეუძლია. მათს ვოკალიზაციას სიმღერა იმიტომ შეარქვეს, რომ მელოდიურ და, ამავდროულად, უნიკალურ ბგერებს გამოსცემენ. ერთ–ერთი აუდიოჩანაწერის მიხედვით ლუჯი ვეშაპი გამოსცემდა 4 სხვადასხვა ნოტს, თითოეულს დაახლოებით 2 წუთის ხანგრძლივობით. ასეთი ხანგრძლივი ვოკალიზაცია, რა თქმა უნდა, უდიდესი მოცულობის ფილტვების დამსახურებაა.
რატომ არის ლურჯი ვეშაპი მარტოსული?
მეცნიერულად ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. ხოლო, როდესაც ხედავ, თუ როგორ ამოყვინთავს ოკეანის ლურჯი უსასრულობიდან დიდი, დინჯი, თითქოს თავისი პრობლემებით დამძიმებული, თითქოს თავისიანთაგან მხოლოდ თვითონ დარჩენილი ლურჯი ვეშაპი და წყლის ორთქლით ძლიერად ამოიოხრებს, ხვდები, რომ ისიც მარტოსულია….
No comments:
Post a Comment