Friday, December 17, 2010

უკაცრიელ კუნძულზე
ეს სად  მოვხვდი?
აქ როგორ აღმოვჩნდი?
ზღვის სანაპიროა. ბინდდება. ზღვა ღელავს. ნაპირთან ტყეა და იქიდან სიბნელე გამოდის. მარტო ვარ. ჩემს ირგვლივ არავინაა: არც დედა, არც მამა. მაგათ რაღა დაემართათ? მარტო როგორ დამტოვეს?
შემეშინდა და ვყვირივარ:
-         დედააააა...
-         მამააააააა...
-         დედაააააა...
ხმა არსაიდან ისმის. დავიწყე სირბილი. სად გავრბივარ არც კი ვიცი. გავრბივარ და ვყვირი. ხმას არავინ მცემს. უცებ, შორიდან ჩემი ძმის - ლუკას ხმა მესმის.
-         თემოოოო, აქ ხარ!
გამიხარდა და ლუკასკენ გავიქეცი. ლუკაც აქაა. ამ ზამთარში მხოლოდ მაისურის ამარა აღმოვჩნდით მე და ლუკა. გვცივა და გვაკანკალებს, მაგრამ მე ნარბენი რომ ვარ ცოტა შევხურდი, თუმცა კანკალით მაინც ვკანკალებ - შიშისაგან.
-         ეს რა დაგვემართა? სადა ვართ?
-         ეხლა ამის დრო არ არის, მეუბნება ლუკა, ღამდება და სახლი არსად გვაქვს. ან ვინმე ვიპოვოთ, ან თავშესაფარი ვეძებოთ.
დავიწყეთ ძებნა. თანდათან ტყესთან მიახლოებაც გავბედეთ. სანაპირო და ტყე უკაცრიელია. ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ ხეზე ავმძვრალიყავით და სახლი მოგვეწყო. ამით ველურებსაც დავაღწევდით თავს და ნადირიც ვერას დაგვაკლებდა. ერთ დიდ მუხაზე, ძალიან დიდი ტოტები რომ ქონდა, ჩვენი სახლი ავაშენეთ. მეორე დღეს მზემ გამოანათა და გაგვათბო. შიმშილი ვიგძენით ჩამოვძვერით ხიდან და საჭმლის ძებნა დავიწყეთ. უცებ ველური ტახის პატარა გოჭი გამოძვრა საიდანღაც. ლუკამ და მე დაჭერა ვცადეთ, მაგრამ ვერ დავიჭირეთ. გადავწყვიტეთ სოკო შეგვეგროვებინა. დედამ სოკოების გამოცნობა გვასწავლა, თუმცა გაგვაფრთხილა - საშიშია, შხამიანი სოკო ძალიან გავს საჭმელად ვარგისს და ფრთხილად უნდა იყოთო. ტყეში ბევრი წერეწო და ფშუკუნა იყო.
წერეწო (წეროსწვივა)
გიგანტური ფშუკუნა


გაგვახსენდა დედას ნათქვამი: საკვებად ვარგისი სოკოებიდან წერეწო ყველაზე მაღალიაო, გული თეთრი და სუნი სოკოსი აქვსო. საჭმელად მარტო ქუდი გამოდგებაო.
ფშუკუნა ადვილად ვიცანით. ეს სოკო თეთრ ქვებსა გავს. კაცს, უცებ რომ შეგხვდეს გვერდს აუვლი. საოცარი ისაა, რომ სოკო 14 კგ-მდე იწონის. მრგვალია. ზედაპირი სადაა, თეთრი, შემდეგ მურა ხდება და ზედა ნაწილში იგლიჯება. აქვს იოდის სუნი და სასიამოვნო გემო. დედას ძალიან უყვარდა ფშუკუნა და ამბობდა: ჩემი ბებია (ჟენო ბაბო) ხმარობდა თირკმელების დაავადებისა და კიბოს საწინააღმდეგოდაცო.
სოკოები ბლომად მოვიმარაგეთ, მაგრამ ცეცხლის დანთება გაგვიძნელდა. მე ყოველთვის დამაქვს მამას ნაჩუქარი გამადიდებელი ლუპა. ის ეხლაც თან აღმომაჩნდა. მაისურის ჯიბეში მდებია :). გაგვიხარდა. ლუკამ ლუპა მზეს მიუშვირა და წინასწარ მოროვებულ ხმელ ფოთლებზე ცეცხლის ალი ავარდა. შევწვით სოკოები და გამოვისიკნეთ. შებინდებამდე კუნძულს ვათვალიერებდით. ძალიან ლამაზი კუნძული იყო, მაგრამ ეტყობოდა ველური ნადირებით სავსე. 
საღამოს მუხის სახლს მივაშურეთ, მაგრამ იქ მგლების ხროვა დაგვხვდა. შიშისგან შეძრულებმა მოვრთეთ ყვირილი. და უცებ... გამეღვიძა. დედა მეფერებოდა:
-         სად არის აქ მგელი შე სულელოო. მეც ჩავეხუტე დედიკოს და გათენებამდე თვალი აღარ მომიხუჭავს.


P.S.
მე ის გამიკვირდა ძილღვიძილში ლუკაც რომ იძახდა „მგელი, მგელიო...“, თუმცა ეგეც იქ არ იყო...

ყველაზე დიდი მარტოსული

ლურჯი ვეშაპი - ყველაზე დიდი მარტოსული



მარტოსულის სევდიანი თვალი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: ვეშაპისნაირნი
ქვერიგი: უკბილო ვეშაპები
ოჯახი: ზოლიანი ვეშაპისებრნი
სახეობა: ლურჯი ვეშაპი
ლათინური სახელი: Balaenoptera musculus
ძუძუმწოვარი ცხოველი ზოლიან ვეშაპისებრთა ოჯახისა. ტანად ყველაზე დიდი ცხოველია. მისი სხეულის სიგრძე: 33 , მასა: 150 აღემატება. აქვს პატარა ზურგის ფარფლი, ზედა ყბაზე — 350-800 წყვილი რქოვანი შავი ფირფიტა. ლურჯი ვეშაპის არეალი ძალზე ფართოა, თუმცა თითქმის განადგურებულია. გვხვდება ერთეულებად, იშვიათად წყვილად ან 3 ერთად. იკვებება კიბოსნაირებით (თევზს არ ჭამს). ყოველ 2-3 წელიწადში დედალი შობს 1 ნაშიერს, რომლის სიგრძეა 6-8 , მასა 2-3 . ნაშიერი 7-8 თვე რძით იკვებება (ვეშაპის რძე 35-60%-მდე ცხიმს შეიცავს). მაკეობა 11 თვემდე გრძელდება. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 4-5 წლისა. ერთი ლურჯი ვეშაპი საშუალოდ იძლევა 15-20 ცხიმს და 35-40 ხორცს. 1966 წლიდან ლურჯ ვეშაპზე ნადირობა აკრძალულია.

ლურჯი ვეშაპი: ამ ქვეყნად ყველაზე დიდი მარტოსულია. დაახლოებით 20 წლის წინ ოკეანეებში 300 ათასი ლურჯი ვეშაპი დაცურავდა, დღესდღეობით კი მისი თითქმის 3%–ღა შემორჩა.
მცნიერები ვარაუდობენ, რომ იგი ისეთივე ჭკვიანია, როგორც დელფინი (ერთერთი ყველაზე ჭკვიანი არსება დედამიწაზე). აქამდე დაფიქსირებული ყველაზე დიდი ზომის ლურჯი ვეშაპი იყო 33 მეტრის სიგრძისა და, დაახლოებით, 200 ტონას იწონიდა. ამ გიგანტის გული 600 კილოგრამს აღწევს, ხოლო აორტას დიამეტრი 23 სანტიმეტრია. მდედრები, ჩვეულებისამებრ, მამრებზე დიდები არიან. არცაა გასაკვირი: აბა, სად უნდა დაიტიო 2700 კილოგრამიანი ვეშაპუნა?  ახალშობილი დღეში 400 ლიტრ რძეს სვამს, რომელიც ძროხისაზე 6000–ჯერ მსუყეა. ყოველივე ეს კი საშუალებას აძლევს პატარას, დღეღამეში 90 კილოგრამით მოიმატოს.
ამ ცხოველებს შეუძლიათ 50 კმ/სთის სიჩქარით გადაადგილება, ჩვეულებისამებრ კი 20 კმ/სთით მოძრაობენ. ზრდასრული ვეშაპი, ამოსუნთქვისას, ორთქლის ნაკადს ზედა ყბასთან ახლოს განთავსებული ორად გატიხრული სასუნთქი ხვრელიდან 9–12 მეტრის სიმაღლეზე აფრქვევს. ამაში ხელს 5000 ლიტრის მოცულობის ფილტვები უწყობს.
ასეთი დიდი გაბარიტების მქონე არსება კი უმცირესი ზღვის ცხოველებით იკვებება. მას არ შეუძლია ჩვეულებრივ გასაბერ საზღვაო ბურთზე დიდი დიამეტრის მქონე საგნის გადაყლაპვა. ამასთან ერთდ, ლურჯი ვეშაპი მიეკუთვნება ულვაშიან ვეშაპთა რიგს, რომლებიც საკვებს .. ულვაშებით იჭერენ. ეს ერთგვარი ძვლოვანი ფირფიტებია, რომლებიც ვეშაპთა ზედა ყბაზე კბილის რიგივითაა განთავსებული. როდესაც ვეშაპი პირს აღებს, მასში, საკვებთან ერთად, უამრავი რაოდენობის წყალიც ხვდება. ამ დროს ვეშაპი პირს კეტავს და, 2,7 ტონიანი ენის დახმარებით, წყალს პირიდან სწორედ ულვაშების საშუალებით გამოდევნის, რომლებიც მესერივით ეღობებიან და ხელს უშლიან პირში მოხვედრილ ცხოველებს, გაჰყვნენ გამდინარე წყალს.
თავიანთი ზომის, სიჩქარისა და ძალიდან გამომდინარე, ლურჯ ვეშაპებს ბუნებრივი მტაცებლები არ ჰყავთ. თუმცა, წყლის ზედაპირზე ჰაერის ჩასასუნთქად ამოსულები, ხშირად ემსხვერპლებიან დიდ სატვირთო გემებს ან ტანკერებს, რომლებიც  ცხოველებს ეჯახებიან და სასიკვდილო ჭრილობებს აყენებენ. სხვა შემთხვევაში ისინი მეთევზეთა ბადეებში ეხლართებიან. ოკეანეს მრავალჯერ გამოურიყავს მკვდარი ლურჯი ვეშაპი. ამას ემატება აქტიური ბრაკონიერობა და გლობალური დათბობის საშიშროება. თუკი პოლარული ყინულის დნობისას ოკეანეში კრიტიკული რაოდენობის მტკნარი წყალი ჩაიღვრება, ეს მოშლის თბილი და ცივი დინებების ციკლს, რომლებზედაც ოკეანის ცოცხალი ორგანიზმების გადაადგილებაა დამოკიდებული. აღარაფერს ვამბობ მუდამ მოგზაურ ვეშაპთა ბედზე.
ლურჯი ვეშაპებიმღერიან”. ისინი, დელფინების მსგავსად, გამოსცემენ სხვადასხვა სიხშირის ბგერებს, რომელთა ნაწილის აღქმაც ადამიანის სასმენ აპარატს არ შეუძლია. მათს ვოკალიზაციას სიმღერა იმიტომ შეარქვეს, რომ მელოდიურ და, ამავდროულად, უნიკალურ ბგერებს გამოსცემენ. ერთერთი აუდიოჩანაწერის მიხედვით ლუჯი ვეშაპი გამოსცემდა 4 სხვადასხვა ნოტს, თითოეულს დაახლოებით 2 წუთის ხანგრძლივობით. ასეთი ხანგრძლივი ვოკალიზაცია, რა თქმა უნდა, უდიდესი მოცულობის ფილტვების დამსახურებაა.
რატომ არის ლურჯი ვეშაპი მარტოსული?
მეცნიერულად ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. ხოლო, როდესაც ხედავ, თუ როგორ ამოყვინთავს ოკეანის ლურჯი უსასრულობიდან დიდი, დინჯი, თითქოს თავისი პრობლემებით დამძიმებული, თითქოს თავისიანთაგან მხოლოდ თვითონ დარჩენილი ლურჯი ვეშაპი და წყლის ორთქლით ძლიერად ამოიოხრებს, ხვდები, რომ ისიც მარტოსულია….